Search This Blog

Wednesday, April 20, 2011

ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით

დედამიწის ზედაპირზე შეიმჩნევა მთელი რიგი ფიზიკური მოვლენები, როგორიცაა ატმოსფერული პროცესები, პოლარული ნათება, გეომაგნიტური ველის ცვალებადობა, მზის რადიაცია, კოსმოსური და რადიოაქტიური გამოსხივბანი და სხვ. ეს მოვლენები გარკვეულ გავლენას ახდენენ ადამიანის კულტურულ-ეკონომიურ განვითარებაზე და ამიტომ ბუნებასთან ბრძოლის პროცესში ადამიანს არ შეუძლია გვერდი აუაროს მათ, არ შეისწავლოს ისინი და არ გამოიყენოს თავის საკეთილდღეოდ.

ფიზიკოსები, გეოფიზიკოსები, ასტროფიზიკოსები და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვა დარგის წარმომადგენლები ფართო პროგრამით აწარმოებენ ამ მოვლენების შესწავლას დედამიწის ზედაპირზე, მათ შორის ძნელად მისადგომ არქტიკისა და ანტარქტიკის რაიონებშიც. მეტიც, ისინი არ კმაყოფილდებიან დედამიწის ზედაპირზე წარმოებული დაკვირვებებით და სხვადასხვა საშუალებით იჭრებიან ატმოსფეროს მაღალ ფენებში და შეისწავლიან ჰაერის ტემპერატურეს, სიმკვრივეს, წნევასა და შედგენილობას, კოსმოსურ და სხვა გამოსხივებათა ბუნებას, ამ უკანასკნელთა მოქმედებას ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმებზე და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული, მეცნიერებას მაინ ცარ აკმაყოფილებს ეს, რადგან აღნიშნული დაკვირვებები მიმდინარეობს შედარებით დაბალ სიმაღლეზე და მოკლე ხნის განმავლობაში. მეცნიერებმა გამოსავალი პოვეს დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებში, რომლებიც მძლავრ სამეცნიერო-ტექნიკურ საშუალებას წარმოადგენენ ზემოაღნიშნული ფიზიკური მოვლენების შესასწავლად, დიდ სიმაღლეებზე ხანგრძლივი დაკვირვების წარმოებისათვის.

ატმოსფეროს მაღალ ფენებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა ამ ბოლო დონემდე შესაძლებელი იყო მხოლოდ არაპირდაპირი გზით, კერძოდ: პოლარულ ნათებაზე და ვერცხლისებრ ღრუბლებზე დაკვირვებით, ბგერათა, რადიოტალღების, სინათლის სხივებისა და ატმოსფეროში შემოჭრილ გავარვარებულ მეტეორებთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლის საფუძველზე. რასაკვირველია ბუნების ამა თუ იმ მოვლენის შესწავლა უფრო საიმედოდ შეიძლება მოხდეს იქ, სადაც ეს მოვლენა წარმოიშობა, სადაც მას შენარჩუნებული აქვს თავისი ნამდვილი სახე. რადგანაც განხილული მოვლენების წარმომშობი მიზეზები შორეულ სამყაროში უნდა ვეძიოთ, ამიტომ თანამგზავრის გამოყენება ზრდის მეცნიერული კვლევის შესაძლებლობებს.

თუმცა თანამგზავრი წარმოადგენს კოსმოსში მფრინავი სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას, მას შეიძლება დაეკისროს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაც. ასე, მაგალითად, თუ 35.800 კილომეტრ სიმაღლეზე მოთავსებულ, ერთმანეთისგან დაახლოებით თანატოლი მანძილით დაშორებულ სამ ან ოთხ თანამგზავრზე მოვათავსებთ სატელევიზიო აპარატებს, რომლებიც აწარმოებენ დედამიწიდან სათანადო გადაცემების მიღებას და რეტრანსლაციას, მაშინ შესაძლებელი გახდება მსოფლიო სატელევიზიო ცენტრების შექმნა. თავისთავად ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის ასეთი ცენტრების არსებობა.

გარდა ამისა, რადიოტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი თანამგზავრები ფართოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული გემებისა და თვითმფრინავების მიმართულიბის მისაცემად, ყინულოვან ოკეანეში მოძრავი გემების გზების დაზვერვისათვის და სხვ. ამ ღონისძიებას შეუძლია იხსნას გემები და თვითმფრინავები საფრთხისგან, რომელიც შეიძლება მათ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ან ყინულოვან ველებში მოძრაობის დროს.


გამოყენებული ლიტერატურა: ბენედიქტე ბალავაძის - "საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრები და კოსმოსური რაკეტები"

No comments:

Post a Comment